აშშ-მა და საქართველომ, სტრატეგიული პარტნიორობის შესახებ ქარტიას ხელი 2009 წელს მოაწერეს. 15 წლის შემდეგ, სახელმწიფო დეპარტამენტის ყოფილი მაღალჩინოსნები ამბობენ, რომ საქართველოს ხელისუფლება ამ პარტნიორობას საფრთხეს უქმნის და რისკავს იმ სარგებელს, რაც ამ ურთიერთობით საქართველომ უნდა მიიღოს.

ქარტიის ხელმოწერის ცერემონიაზე, შეერთებული შტატების იმჟამინდელმა სახელმწიფო მდივანმა ორ ქვეყანას შორის საზიარო ღირებულებებზე დაფუძნებით, მათი სამომავლო ურთიერთობების გაღრმავებისა და იმ მხარდაჭერის შესახებ ისაუბრა, რაც ვაშინგტონმა თბილისს აღუთქვა.

15 წლის შემდეგ, საქართველოს დასავლელ მოკავშირეებსა და პარტნიორებს, როგორც ვაშინგტონში, ასევე – ბრიუსელში, საქართველოს ხელისუფლების მიერ გადადგმული ნაბიჯები აშფოთებთ და აცხადებენ, რომ მისი ქმედებები ქვეყნის ევროატლანიკურ ინტეგრაციას საფრთხეს უქმნის. შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტმა, მაღალი რანგის სენატორებმა, ევროკავშირმა, ნატომ და სხვა საერთაშორისო ოორგანიზაციებმა თუ ინსტიტუტებმა, რომლებსაც დამოუკიდებელ საქართველოსთან ხანგრძლივი მეგობრული ურთიერთობა აქვთ, შეშფოთება „უცხოეთის აგენტების“ შესახებ კანონის ხელახალი ინიცირების შემდეგ გამოთქვეს.

„ქართულმა ოცნებამ“, მანამდე „ხალხის ძალის“ მიერ წარმოდგენილ კანონპროექტს, რომელიც სამოქალაქო საზოგადოებისა და საერთაშორისო ზეწოლის შედეგად ერთი წლის წინ თავად ჩააგდო, სახელი შეუცვალა, შინაარსი იგივე დატოვა და ამჯერად, 3 აპრილს, პარლამენტში თავადვე წარმოადგინა, როგორც “უცხოეთის გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტი.

საქართველოს პრემიერ-მინისტრი აცხადებს, რომ ორ ქვეყანას შორის, სხვადასხვა პოლიტიკურ თუ ეკონომიკურ საკითხში, „ფაქტობრივად ნულოვანი მდგომარეობაა“. ირაკლი კობახიძე, საქართველოს შეერთებულ შტატებთან სტრატეგიულ პარტნიორობას, ჩინეთთან ახლადგაფორმებულ სტრატეგიულ პარტნიორობას ადარებს.

შეერთებულ შტატებსა და საქართველოს, 30 წელზე მეტი ხნის ახლო მეგობრობა აკავშირებს და ჩვენ ყოველთვის ვეძებთ გზებს ამ ურთიერთობის გაღრმავებისთვის, მეტი მოგზაურობისა და ვაჭრობის წახალისებისთვის“, – ნათქვამია სახელმწიფო დეპარტამენტის სპიკერის, მეთიუ მილერის წერილობით პასუხში კითხვაზე, რომლითაც „ამერიკის ხმამ“ სახელმწიფო დეპარტამენტს, გასული თვის მიწურულს მიმართა. შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტს ვკითხეთ, განიხილება თუ არა, საქართველოსთან უვიზო რეჟიმის დაწესება და აკმაყოფილებს თუ არა ქვეყანა ამისთვის დადგენილ კრიტერიუმებს.ზ

შეერთებულ შტატებთან უვიზო რეჟიმის პროგრამაში ახლა 41 ქვეყანა მონაწილეობს და უმრავლესობა ევროკავშირის წევრია. პროგრამაში მონაწილე ქვეყნის მოქალაქეებს, შეერთებულ შტატებში საქმიანი ან ტურისტული მიზნით, 90 დღით დარჩენის უფლება აქვთ. პროგრამის შესახებ, შიდა უსაფრთხოების დეპარტამენტის ვებგვერდზე ვკითხულობთ:

„შეერთებულ შტატებს, მთელ მსოფლიოში ჰყავს სტრატეგიული პარტნიორები, რომლებიც არ არიან უვიზო რეჟიმის პროგრამის ნაწილი. ქვეყანა უნდა აკმაყოფილებდეს კანონით დადგენილ სხვადასხვა მოთხოვნას იმისთვის, რომ იყოს უფლებამოსილი, ჩაერთოს უვიზო რეჟიმის პროგრამაში, რომელსაც ადმინისტრირებას უწევს შიდა უსაფრთხოების დეპარტამენტი, სახელმწიფო დეპარტამენტთან კოორდინაციით“, – ნათქვამია სახელმწიფო დეპარტამენტის წერილობით პასუხში, რომელიც 29 მარტს მივიღეთ.

„ერთ-ერთი პრობლემა ქართველების მიერ სავიზო რეჟიმის დარღვევაა, როცა ვიზით ჩამოსული მოქალაქეები, განსაზღვრულ ვადას აჭარბებენ და ქვეყანაში რჩებიან. ეს იქნება ერთი საკითხი, რომელიც განსახილველი იქნება. ეს რთული პრობლემაა, რადგან შეერთებულ შტატებს ნამდვილად სურს ქართველ ხალხთან ურთიერთობების გაღრმავება და ამერიკაში ქართველების ვიზიტების ხელშეწყობა ამის ერთ-ერთი გზა იქნებოდა. მაგრამ, ამაზე მოლაპარაკებები საქართველოს მთავრობამ უნდა აწარმოოს და ვიდრე საქართველოს მთავრობა ნაბიჯებს არასწორი მიმართულებით დგამს, გულწრფელად რომ ვთქვათ, უვიზო რეჟიმის პერსპექტივის იდეა გაქრობას იწყებს. ასე რომ, არ ვფიქრობ, რომ ეს მალე მოხდება”, -განმარტა დენიელ ფრიდმა.

amerikiskhma.com