აშშ-ის სენატის საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე, სენატორი ჯიმ რიში და სენატორი რობერტ მენენდესი აია-სოფიას მეჩეთად გადაკეთების საკითხთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებენ.

„ჩვენ მტკიცედ ვგმობთ პრეზიდენტი ერდოღანის გადაწყვეტილებას წმინდა სოფიას ტაძრის მეჩეთად გადაკეთების თაობაზე. ისტორიის გარკვეულ მომენტებში წმინდა სოფიას ტაძარი ქრისტიანებისა და მუსლიმების თაყვანისცემის ადგილი იყო, ხოლო ათწლეულების განმავლობაში ყველა სარწმუნოების ხალხისთვის არაჩვეულებრივი და სტუმართმოყვარე ცენტრი იყო“, – ნათქვამია განცხადებაში.

სენატორები ასევე აღნიშნავენ, რომ „რეჯეფ თაიფ ერდოღანის დღევანდელი გადაწყვეტილება ქრისტიანების შეურაცხყოფაა, რომლებიც წმინდა სოფიას ტაძარს, როგორც ელვარე შუქსა და ღრმად თაყვანცემულ წმინდა ადგილს განიხილავენ“.

„მოვუწოდებთ რეჯეფ თაიფ ერდოღანს, გააუქმოს ეს გადაწყვეტილება და შეინარჩუნოს წმინდა სოფიას ტაძრის შესანიშნავი მემკვიდრეობა და რელიგიურად ნეიტრალური მუზეუმის სტატუსი“, – განაცხადეს სენატორებმა.

თურქეთის სახელმწიფო საბჭომ გააუქმა მთავრობის 1934 გადაწყვეტილება, რომლის თანახმად სტამბოლში მდებარე აია-სოფიას ტაძარი მუზეუმად გადაკეთდა. ამრიგად, აია-სოფიას ტაძარი ისევ მეჩეთად გადაკეთდება.