WTI-ის მარკის ნავთობის ფასი, ისტორიაში პირველად, 1 დოლარზე ნაკლებ ნიშნულამდე დაეცა. ამაზე მოწმობს ლონდონში ICE-ის საფონდო ბირჟის გაყიდვების მონაცემები.

 

გაყიდვების დასაწყისში, WTI-ის ბარელი 17,5 დოლარი ღირდა. შემდეგ ფასმა სწრაფი ვარდნა დაიწყო და ღამისთვის 0,5 დოლარამდე დაიწია, ახლა კი ფასი მინუსებშია.

 

ნავთობზე მოთხოვნამ იმდენად დაიკლო, რომ ნედლი ნავთობის შესანახი სივრცეები თითქმის სავსეა. ეს ნიშნავს, რომ მწარმოებლები მყიდველებს უხდიან თანხას, რათა ნავთობისგან გათავისუფლდნენ.

 

WTI (West Texas Intermediate) – ტეხასის ნავთობის მარკაა. მონაცემები ფაქტობრივად ყოველ წუთას იცვლება. ამჟამად მონაცემები ბარელზე  მინუს 6.8 დოლარს აჩვენებს.

 

მსოფლიოში ნავთობის ფასი, მოთხოვნების შემცირების შესაბამისად განიცდის დაღმასვლას, რაც ბოლო 25 წლის განმავლობაში არ მომხდარა.

 

„კავკასიის უნივერსიტეტის“ ეკონომიკის სკოლის დეკანი, სოსო ბერიკაშვილი, სოციალურ ქსელში წერს, რომ მინუსი ნიშნავს პირიქით, თანხის მიღებას, – „ერთ ბარელ ნავთობს ყიდულობ და 6.4 დოლარს გიხდიან“. ეკონომისტის თქმით, ეს დროებითი მოვლენაა.

 

ეს ყველაფერი კორონავირუსთან და მის გამო გამოცხადებულ კარანტინთანაა დაკავშირებული.

 

მარტში ნავთობის ფასი ოპეკი+ ქვეყნების დაპირისპირების გამო დავარდა.

დატოვე კომენტარი