წაკითხულიდან და მოსმენილიდან გამოტანილი დასკვნა.
1. არსად “გაქცეულა”, როგორც ამას ზოგიერთები ხატავენ, წავიდა და სავარაუდოდ დაბრუნდება, როცა დაინახავს ამის აუცილებლობას. ალბათ 2024-სთვის. (ვადამდელი რიგგარეშე არჩევნები რომც ჩატარდეს, ახალი კონსტიტუციით მორიგი არჩევნები მაინც 24-ში იქნება;
2. როგორი სახით დაბრუნდება, ამაზე მხოლოდ ვარაუდი შეიძლება. გააჩნია შეძლებს, თუ არა ახალი გუნდის შექმნას. დაბრუნდება პირდაპირ თუ ირიბად და ა.შ. და ა.შ. მაგრამ სადავეებს, რომლებიც აქ მაინც დაიტოვა არავითარ შემთხვევაში არ გაუშვებს ხელიდან;
3. გარანტიები (უცხოეთიდან) მიღებული აქვს. ასე მოჩანს. თუმცა ამ გარანტიების ფასი და მათი შინაარსი სიტუაციურად იცვლება ხოლმე და ეს მან კარგად იცის;
4. ოპოზიცია, გამომდინარე მათი ვორდინგიდან, ჯერ მზად არ არის რეალობის აღსაქმელად და დრო სჭირდება. არ არის მზად ოცნებაც, უპირველეს ყოვლისა, თავზე დაცემული პასუხისმგებლობის სიმძიმის დასაძლევად:
5. პოლიტიკური ველი დიდწილად გათავისუფლდა დიდი ბიზნესისთვის. თუ ადრე მხოლოდ ორი , მისგან შერისხული მულტიმილიონერი იყო ჩართული, ახლა სხვებსაც გაუჩნდებათ ამის შესაძლებლობა. რამდენიმე თვე დააკვირდებიან და მერე შევარდებიან პოლიტიკურ ველზე, როგორც ახალი გუნდებით, ასევე ძველი პოლიტიკოსების გამოყენებით. როგორც ერთმა მეგობარმა იხუმრა, მათ “გლადიატორებად” გამოიყენებენო.
6. ბრძოლა წავა მმართველი გუნდის შიგნითაც და ამის პირველ ნიშნებს და შედეგებს გაზაფხულზე ვიხილავთ;
7. წინ პოლიტიკური ველის დიდი გადანაწილება გველის. ნებისმიერ შემთხვევაში, ივანიშვილის ეს გადაწყვეტილება დადებით როლს ითამაშებს ქართულ პოლიტიკაზე. თავიდან შეიძლება იყოს მძიმე ბრძოლები, ყველა ხერხის გამოყენებით და მსხვილი ფინანსების ჩართულობით, მაგრამ ბოლოს გაიმარჯვებენ უძლიერესები და ქართული საზოგადოებაც, ისე როგორც ყოველთვის, გადაიხრება ყველაზე ძლიერებისკენ და გაიყოფა ალბათ კვლავ ორად ან მაქსიმუმ სამად.
ნებისმიერ შემთხვევაში საინტერესო პროცესი იწყება.

წერს საკუთარ ფეისბუქის გვერდზე პოლიტიკოსი მამუკა გამყრელიძე.