“არის რისკი, რომ ლარის კურსის მერყეობის შემთხვევაში საგარეო ვალმა 60%-იან ზღვარს გადააჭარბოს”

საგარეო ვალი კრიტიკულ ნიშნულს არის მიახლოებული, არის ძალიან მაღალი რისკი, რომ ლარის კურსის მერყეობის შემთხვევაში გადააჭარბოს 60%-ს ამ მაჩვენებელმა, – მიმართა პარლამენტის დამოუკიდებელმა დეპუტატმა ლევან კობერიძემ ფინანსთა მინისტრის მოადგილეს, გიორგი კაკაურიძეს პარლამენტში, დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის სხდომაზე, სადაც ბიუჯეტის პროექტს განიხილავენ.

„ეკონომიკის მინისტრი კი ამაყობს ხოლმე კურსის ოდნავ გამყარება თუ დაინახა, სწორი ეკონომიკური პოლიტიკის შედეგიაო და როცა გაიქცევა, მერე კომენტარს არ აკეთებს. კითხვა მაქვს, რომ თუკი ლარის კურსის გამო მოხდება გადაჭარბება 60%-იანი ზღვრის, დაზღვევის მექანიზმი რა გვაქვს საერთაშორისო პარტნიორებთან იმისთვის, რომ რეიტინგის გაუარესება არ მოხდეს? რაც მნიშვნელოვანია საინვესტიციო გარემოს გაუარესებისთვის. აქ თუ გვაქვს რაიმე მექანიზმი შემუშავებული? ან წინასწარი მონალაპარაკება და დათქმა თუ არსებობს? როგორ უყურებთ რისკის მართვის მექანიზმს?”, – მიმართა კობერიძემ მინისტრის მოადგილეს.

თავის მხრივ, ფინანსთა მინისტრის მოადგილე, გიორგი კაკაურიძე ამბობს, რომ ვალზე და დეფიციტზე მეტად, რეიტინგის შედგენისას ყურადღება გამახვილებული იქნება იმაზე, თუ როგორ დაასრულებს ქვეყანა პანდემიასთან ბრძოლას.

„კურსის მერყეობა, ასეთის არსებობის შემთხვევაში, გამოიწვევს ვალის მოცულობის ზრდას. წინასწარი მოლაპარაკება სარეიტინგო კომპანიებთან რა თქმა უნდა, შეუძლებელია და არც ერთი კომპანია არ ეტყვის ქვეყანას, რომ თუ კურსი შეიცვალა, მე არ შევეხები შენს რეიტინგსო. თუმცა ყოველთვის, მთელი წლის განმავლობაში ჩვენ სარეიტინგო კომპანიებთან კონსულტაციები გვაქვს და ახლა, დღეის მდგომარეობით, ვალზე და დეფიციტზე მეტად, რეიტინგის შედგენისას ყურადღება გამახვილებული იქნება იმაზე, თუ როგორ დაასრულებს ქვეყანა პანდემიასთან ბრძოლას“, – განაცხადა გიორგი კაკაურიძემ.

ფინანსთა მინისტრის მოადგილეს მაგალითად მოყავს გასული წელი, როცა მაკროეკონომიკური პარამეტრებით საქართველო მეტს იმსახურებდა, თუმცა საგარეო ფაქტორების გამო ერთით ნაკლები ქულა მიიღო.

„როცა ჩვენ გასულ წელს მაგალითად მაკროეკონომიკური პარამეტრებით მეტი სუვერენული რეიტინგი უნდა გვქონოდა, იმიტომ რომ საგარეო ვითარება იყო რთული, ერთი ქულით დაბალი რეიტინგი მოგვენიჭა. წელს, მიუხედავად იმისა, რომ შესაძლოა ვალის გამო გვქონდეს დაბალი სარეიტინგო ქულა, შეიძლება ჩვენ შეგვინარჩუნდეს იგივე რეიტინგი. მხოლოდ ფორმულით არ თვლიან, მენეჯმენტის როლი აქ არის გადამწყვეტი. ერთი ქულის არმომატება, ან არდაკლება სუბიექტურ შეფასებებზეა დამოკიდებული. თუ ასე გავაგრძელებთ და იმ ფისკალურ მაჩვენებლებს შევინარჩუნებთ, რაც შეთანხმებულია ჩვენს პარტნიორებთან, თუ შევძელით, რომ პანდემიის პირობებში ეკონომიკური პარამეტრები მნიშვნელოვნად არ გაგვიაურესდა, ეს ყველაფერი მენეჯმენტის ნაწილში დადებითად აისახება. ანუ შესაძლოა ვალის მოცულობით რეიტინგი გვიმცირდებოდეს, მაგრამ სხვა ნაბიჯების გამო ასე არ მოხდეს“, – განმარტა გიორგი კაკაურიძემ.

 

წყარო

2020-06-17T02:15:07+04:00ივნისი 17th, 2020|