ოპოზიციაში 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების ჩატარების წესთან დაკავშირებით, სხვადასხვა მოსაზრება აქვთ.

„ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერი დავით ბაქრაძე მიიჩნევს, რომ ოპოზიციასა და მმართველ გუნდს შორის შეთანხმება შესაძლებელია, თუ ხელისუფლება არსებითად პროპორციულ ვარიანტს დათანხმდება. პარტიაში კრიზისის დაძლევის გზად, 130:20 პრინციპი მოიაზრება.რაც შეეხება შეხვედრებს,„ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერი გიგა ბოკერია ამბობს, რომ ოფიციალური მოლაპარაკებები არ აღდგება, მანამ სამან მმართველი გუნდი პოზიციას არ შეცვლის, არაფორმალურ შეხვედრებს კი არ გამორიცხავს.

„თუ ხელისუფლება გამოვა პროპორციულთან მაქსიმალურად მიახლოებული მოდელით, უგულავას და რურუას განცხადებებმა გახსნა იმის შესაძლებლობა, რომ შეთანხმება შედგეს და საქართველო ამოვიდეს იმ ძალიან ღრმა კრიზისიდან, რომელშიც შეიყვანა ხელისუფლების ტყუილმა და რომლის გამოც ამხელა კრიტიკას იღებს ქვეყანა უცხოეთიდან და რომლის გამოც შიგნით ასე მოირყა პოლიტიკური სისტემა.“- განაცხადა ბაქრაძემ.

„გვესმის, რომ სრულად პროპორციული არ იქნება, ჩვენ ვართ მოქნილები, გვინდა განმუხტვა ვითარების. ამ სისულელეს, რომ თურმე მაჟორიტარებს ვეღარ შეამცირებენ, არავინ არ დაიჯერებს, თუ ორმოცამდე ამცირებენ, მშვენივრად შეამცირებენ ოცამდეც, როგორც ამცირებენ, ორი ერთად გააერთიანონ და მორჩა“- განაცხადა გიგა ბოკერიამ, არჩილ თალაკვაძის საპასუხოდ,რომელმაც საარჩევნო ადმინისტრაციული საზღვრებისა და ქვეყნის გეოგრაფიის პრობლემატიკაზე ისაუბრა.

საპარლამენტო ფრაქცია „დამოუკიდებელი დეპუტატების“ წევრი, ლევან გოგიჩაიშვილი კი მიიჩნევს, რომ არჩევნების ლეგიტიმურობის გარანტი საყოველთაო სავალდებულო წესია.ხოლო, ისეთ პროპორციაზე შეჯერება, რომელიც გეოგრაფიულად შეუძლებელია, გოგიჩაიშვილისთვის ქვეყნის საფეოდალოებად დაყოფასთან ასოცირდება.

„ბევრი ადამიანის მოსვლა ნიშნავს, რომ ჩამოიშლება ქართული ოცნების პარტიული სისტემა და ჩამოიშლება ნაციონალური მოძრაობის პარტიული სისტემა. 100/50- ზე იქნება, თუ რაც მეტად იქნება მიახლოებული პროპორციულს, მაგრამ რაღაცის იქით ლოგიკა აღარ არსებობს, საფეოდალოებად ამ ქვეყანას ვერ დავყოფთ. – განაცხადა ლევან გოგიჩაიშვილმა.

რაც შეეხება, პოლიტიკურ გაერთიანება გირჩს, იაგო ხვიჩია მიიჩნევს, რომ ოპოზიცია მმართველი გუნდს მასკარადში არ უნდა აყვეს, ხოლო იმ შემთხვევაში, თუ ხელისუფლებისგან ინიცირებული იქნება არსებითად პროპორციული სისტემა, ოპოზიცურმა პარტიებმა მხოლოდ ერთჯერადად უნდა მიიღონ მონაწილეობა და მხარი დაუჭირონ მას.

„ერთხელ და სამუდამოდ უნდა დავრწმუნდეთ, რომ ხელისუფლებას რეალურად არანაირი შეთანხმების მიღწევა არ უნდა, ის რეალურად ცდილობს პოლიტიკური პროცესები ამოაგდოს კალაპოტიდან. ჩვენ, ოპოზიციამ უნდა დავიწყოთ მზადება ნებისმიერი ტიპის არჩევნებისთვის, როგორც არ უნდა ჩატარდეს და არ უნდა მივიღოთ მონაწილეობა ხელისუფლების მიერ მოწყობილ მასკარადში, სადაც თითქოს რაღაც კომპრომისს ვაღწევთ, მაგრამ რეალურად არანაირი კომპრომისის მიღწევა ხელისუფლებას არ უნდა და ცდილობენ ეს პროცესი გადაიყვანოს ოპოზიციასთან ვაჭრობაში.“- განაცხადა იაგო ხვიჩიამ.

„დემოკრატიული მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერი გიორგი ახვლედიანი ფიქრობს, რომ 120:30 პროპორცია საუკეთესო ვარიანტია. პარტიაში მიაჩნიათ, რომ ოპოზიციის უმრავლესობის მხარდაჭერა სწორედ ამ იდეას ექნება. ახვლედიანი აცხადებს,რომ წარმოდგენილი შეთავაზებებიდან ორივე მხარისთვის მისაღები ვარიანტი უნდა შეჯერდეს.

„ხელისუფლება გვთავაზობს 110/40, ოპოზიცია 130/20 რეალურად არცერთი არ არის ის იდეალური შეფარდება, რომელზეც შეიძლება შეთანხმება შედგეს. ეს უკვე არის საბოლოო კომპრომისისთვის წინასწარ დასახელებლი ციფრები. თუ ორივე მხარე მზად იქნებიან კომპრომისისთვის ჩვენ გვაქვს ვარიანტი 120/30 შუალედური თემა, როგორც ჩანს, მოლაპარაკების ამ კონტექსტისკენ მიდის საქმე და ეს იქნება იდეალური. “- განაცხადა გიორგი ახვლედიანმა.

საარჩევნო სისტემაზე საუბრობს პარტია „მემარცხენე ალიანსიც“. კახა ძაგანია მიიჩნევს, რომ მთავარი პირობა ნულოვანი ბარიერი უნდა იყოს, რადგან ეს გარანტიაა მრავალპარტიული პარლამენტისა. არსებული რეალობიდან გამომდინარე კი მიიჩნევს, რომ 110:40-ზე, ნულოვანი ბარიერით მისაღებია.

„ოპტიმალურ ვარიანტად მინიმალიზებული მაჟორიტარების რაოდენობაა, მაგრამ ჩვენ ვითხოვთ პროპორციულ არევნებს. ხელისუფლების მიერ შემოთავაზებული 110:40ზე პროპორცია, უპროცენტო ბარიერით ცუდი არ არის.“- აცხადებს კახა ძაგანია.

„ქართულ ოცნებაში“ შეთანხმებასა და რეალურ შედეგებს დადგომას პროგნოზირებენ. პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძე მიიჩნევს, რომ ნაბიჯები ყველა მხრიდან გადადგმულია და შეთანხმების შესაძლებლობა არსებობს.

„ვფიქრობ, უახლოეს დღეებში ჩვენ შევძლებთ, კიდევ ერთხელ შევიკრიბოთ და შეთანხმების მიღწევა ვცადოთ, ობიექტურად. ეს არის შესაძლებელი, ვინაიდან ხელისუფლების მხრიდან ყველა იმ მთავარ საკითხზე, რომელიც ოპოზიციის მხრიდან იყო დაყენებული, არსებობს შემხვედრი და სამართლიანი პოზიციები და წინადადებები. რაც შეეხება პროპორციების განაწილებას, 40%-იან პრინციპს, თუ სხვა საკითხებს, აქ მინდა ცალსახად გითხრათ ჩვენი პოლიტიკური ნება, ჩვენი გუნდის პოლიტიკური პოზიცია – ხელისუფლების პოზიცია არის, რომ ჩვენი ქვეყანა მზად არის გონივრული ნაბიჯები გადადგას პროპორციული არჩევნებისკენ, რომელიც 2024 წელს უნდა ჩატარდეს. ჩვენ მზად ვართ, 2020 წლის არჩევნებისთვის განვიხილოთ, მივიღოთ ისეთი პირობები და ავსახოთ ეს კანონმდებლობაში, რომელიც ჩაჯდება იმ ლოგიკაში და ტრაექტორიაში, რაც 2024 წელს სრულად პროპორციულ სისტემაზე გადასვლას ემსახურება. შესაბამისად, ამ ლოგიკის ფარგლებში, რასაკვირველია, ყველა სამართლიან და გონივრულ წინადადებას ჩვენი მხრიდან მხარდაჭერა ექნება“, – განაცხადა თალაკვაძემ.

მმართველ გუნდში აცხადებენ, რომ მთავარი 40%-იანი ჩამკეტი მექანიზმია, რაც შეეხება პროპორციებს მათთვის +- 5 მანდატი, მაჟორიტარულის თუ პროპორციულის სასარგებლოდ პრინციპული მნიშვნელობის არ არის. პარლამნტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძე უახლოეს დღეებში ოპოზიციასთან შეხვედრასაც აანონსებს, სადაც ასევე, მზაობას გამოთქვამს საარჩევნო ბარიერის საკითხიც 1%-თან დაკავშირებით, განიხილონ.

ოპოზიციის ერთ-ერთი მთავარი მოთხოვნა პოლიტპატიმრების გათავისუფლებაა, თუმცა გუშინ გიგი უგულავამ, გიორგი რურუამ და ბესიკ თამლიანმა ციხიდან წერილი გამოაგზავნეს, სადაც აღნიშნავდნენ, რომ მათთვის არსებითად პროპორციული საარჩევნო სისტემის მიღება პრინციპულად მნიშვნელოვანია, მათ არ სურთ ამ საკითხში „ბარიერის“ როლი ჰქონდეთ, სწორედ ამიტომ ოპოზიცია არ გამორიცხავს მოლაპარაკებების შედეგი დადგეს, იმ შემთხვევაში თუ მმართველი გუნდი არსებითად პროპორციულ სისტემას შეთავაზებთ.

ჩატარდება თუ არა მოლაპარაკების მეხუთე რაუნდი ამ დრომდე გაურკვეველია. თუ ოპოზიცია და მმართველი გუნდი შეთანხმებას ვერ მოახერხებს, არჩევნები არსებული სისტემით ჩატარდება. მას შემდეგ, რაც „ქართული ოცნების მიერ დაპირებული 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების პროპორციული წესით ჩატარების ინიციატივა არ შესრულდა, საერთაშორისო პარტნიორების ძალისხმევით, ოპოზიციასა და ხელისუფლებას შორის მოლაპარაკების ოთხი რაუნდი გაიმართა. უზენაესი სასამართლოს მიერ გამოტანილი განაჩენი „ევროპული საქართველოს ლიდერის გიგი უგულავას მიმართ, მოლაპარაკებების შეწყვეტის მიზეზი გახდა.

 

წყარო: პრაიმტაიმი