ირაკლი კობახიძე საკონსტიტუციო ცვლილებების მიღებასთან დაკავშირებით პასუხისმგებლობას ოპოზიციას აკისრებს. საკონსტიტუციო ცვლილებების პირველი საყოველთაო-სახალხო განხილვა ოპოზიციის გარეშე ჩაივლის. მიზეზი რვა მარტის შეთანხმების შეუსრულებლობაა, რადგან გიორგი რურუა ისევ საპატიმროში რჩება.

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ირაკლი კობახიძე ოპონენტებს პასუხისმგებლობის გამოჩენისკენ მოუწოდებს.

შეთანხმებიდან გამომდინარე ამ ცვლილებების მხარდაჭერა არის თითოეული შესაბამისი პოლიტიკური პარტიის ვალდებულება და პასუხისმგებლობა. ჩვენ, ბუნებრივია, ამ ვალდებულების შესაბამისად ვიმოქმედებთ და აქედან მოვუწოდებთ სხვებსაც, ეს არის მათი პასუხისმგებლობა და თუ იმოქმედებენ პასუხისმგებლობის შესაბამისად, ამ შემთხვევაში, ეს იქნება მათთვის უკეთესი, ჩვენ არაფერს არ ვიგებთ და არც ვკარგავთ იმით, რას მიცემენ ხმას ან რა არ მიცემენ ხმას, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

„ქართული ოცნების“ წევრი გიორგი კახიანი დარწმუნებულია, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ საკონსტიტუციო ცვლილებებს საბოლოოდ მხარს დაუჭერს.

საკონსტიტუციო ცვლილების პროექტის განხილვა კი განსხვავებულ ფორმატში, სატელევიზიო ეთერის საშუალებით მოხდება. მმართველი გუნდი ცვლილებების მიღებას სამი მოსმენით 29 ივნისს გეგმავს.