8 მარტის პოლიტიკური შეთანხმებიდან ორი თვის თავზე ოპოზიცია და ხელისუფლება ისევ იმაზე დაობს, რას მოაწერეს ხელი.

დავა არ ეხება ხელშეკრულების პირველ ნაწილს, რომელიც მანდატების განაწილების ფორმულას 120/30-ზე ითვალისწინებს. თუმცა, ამ წესის ძალაში შესვლასაც ემუქრება საფრთხე, თუ მხარეები ვერ გაარკვევენ ამავე შეთანხმების კიდევ ერთ ნაწილს, რომელიც ოპოზიციის განმარტებით, პოლიტპატიმრების საკითხს შეეხება.

პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძე მიღწეული შეთანხმების პროექტის ჩავარდნაზე პასუხისმგებლობას წინასწარვე ოპონენტებს აკისრებს.

ოპოზიციის წევრები კი აცხადებენ, რომ თუ ხელისუფლება არ შეასრულებს შეთანხმების ორივე პუნქტს, მაშინ პასუხისმგებლობა თავად მას დაეკისრება და მოუწევს პასუხი აგოს, როგორც საზოგადოების, ასევე საერთაშორისო პარტნიორების წინაშე.

“სრულიად გაუგებარია, ოპოზიციის რა პასუხისმგებლობაზე საუბრობს ბატონი თალაკვაძე, იმიტომ რომ ეს პროცესი ძალიან ნათელია. შეთანხმება იქნა მიღწეული ოპოზიციასა და ხელისუფლებას შორის ორ რამეზე – პოლიტიკური პატიმრების გათავისუფლებაზე და საარჩევნო სისტემაზე. ჩვენ საარჩევნო სისტემას მხარი დავუჭირეთ და მზად ვართ, რომ საკონსტიტიუციო ცვლილებებსაც მხარი დავუჭიროთ. ოღონდ, რა თქმა უნდა, ეს ყველაფერი არის ერთ პაკეტში. თუ ისინი არ გაათავისუფლებენ პოლიტიკურ პატიმრებს, მიუხედავად მრავალი მოწოდებისა ჩვენი პარტნიორების მხრიდან, ასეთ შემთხვევაში ისინი ჩააგდებენ ამ შეთანხმებას,” – განაცხადა “ევროპული საქართველოს” ერთ-ერთმა ლიდერმა სერგი კაპანაძემ.

“არის ასეთი გამოთქმა – არ არსებობს სანახევრო ორსულობა, ან ხარ, ან არა ხარ. არ არსებობს შეთანხმების სანახევროდ შესრულება. ან ასრულებს შეთანხმებას მთლიანად ხელისუფლება, ან არ ასრულებს და ის პასუხს აგებს ამისათვის საკუთარი ხალხისა და საერთაშორისო პარტნიორების წინაშე. საკონსტიტუციო ცვლილებების ჩაგდება არის დანაშაული,” – აღნიშნა “ნაციონალური მოძრაობის” ერთ-ერთმა ლიდერმა რომან გოცირიძემ.

შეგახსენებთ, რომ მმართველ გუნდსა და ოპოზიციას შორის შეთანხმება 8 მარტს შედგა. დიალოგში მონაწილე ელჩებმა შეთანხმების თაობაზე განცხადება გაავრცელეს. როგორც ფასილიტატორი დიპლომატების განცხადებაშია ნათქვამი, შეთანხმება ითვალისწინებს, რომ საარჩევნო სისტემა 2020 წლის არჩევნებისთვის დაეფუძნება 120 პროპორციულ და 30 მაჟორიტარულ მანდატს, საარჩევნო ოლქების სამართლიან განაწილებას, 1%-იან საარჩევნო ბარიერს და ჩამკეტს, რომელიც უზრუნველყოფს, ხმების 40%-ზე ნაკლების მიმღებმა პარტიამ ვერ შეძლოს საპარლამენტო უმრავლესობის შექმნა.

გარდა ამისა, განცხადებაში ნათქვამია, რომ სასამართლო და საარჩევნო პროცესების არასათანადო პოლიტიზაცია და მომავალში მსგავსი ქმედებები თავიდან უნდა იქნეს აცილებული.