თბილისის მერიაში მოხალისედ ჩავეწერე – ამის შესახებ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრი ანა დოლიძე სოციალურ ქსელში წერს.

 

„უმარავი ადამიანი მეკითხება, რა შეიძლება გავაკეთოთ კორონავირუსის დასაძლევად და გადასალახავად. ეს კითხვა მეც მაწუხებს. ამიტომ ამ კვირის დასაწყისში დავაანონსე საკანონმდებლო წინადადება ფასების ზრდის ხელის შეშლის შესახებ. თქვენ გადარდებთ ხშირად, გაუმართლებელი და უკონტროლო ფასების ზრდა. ის გამოცდილება, რომელიც არსებობს ამერიკის შეერთებულ შტატებში ძალიან საგულისხმოა დღევანდელ სიტუაციაში. ამიტომ უკვე მომზადებული მაქვს საკანონმდებლო წინადადება და იმ კვირის დასაწყისში წარვადგენ საკანონმდებლო ორგანოში, რომლის არსიც იქნება – ხელისუფლებას მიეცეს ბერკეტი გააკონტროლოს ფასების ზრდა, რომელიც გაუმართლებელია.

 

გარდა ამისა, გუშინ დავაანონსე და შევქმენი Facebook-გვერდი „სამართლებრივი სივრცე #ხალხისთვის“ და ავამოქმედე ცხელი ხაზი  -579183781, სადაც შეგიძლიათ მოგვწეროთ, ან დაგვირეკოთ და მიიღოთ სამართლებრივი პასუხები, იმ პრობლემებთან დაკავშირებით, რომელიც კორონა ვირუსის პანდემიის დროს წარმოგექმნათ.

 

უამრავმა ადამიანმა უკვე მოგვმართა, თუმცა რჩება კითხვა – კიდევ რა შემიძლია მე, როგორც ერთმა მოქალაქემ გავაკეთო ჩვენი ხალხისთვის. გადავწყვიტე, წავიდე როგორც მოხალისე. თბილისის მერიას აქვს პროექტი, სადაც მსურველი მოხალისეები ერთიანდებიან, რომ დაურიგონ სურსათ-სანოვაგე ძირითადად მოხუცებს და შშმ პირებს, ვისაც არ აქვს საშუალება და არ არის რეკომენდირებული გადაადგილდეს. მოხალისეების საჭიროება კიდევ არსებობს. მე დავრეკე მერიის ცხელ ხაზზე, მივეცი ჩემი მონაცემები და ველოდები პასუხს. როგორც მითხრეს შემდეგი ეტაპი არის ტრენინგი წითელ ჯვარში და უბან-უბან გადანაწილება, რასაც სიამოვნებით გავაკეთებ. ეს იქნება ძალიან მნიშვნელოვანი გამოცდილება ჩემთვის, მაგრამ ამასთან, ვფიქრობ, თუ რამის გაკეთება შემიძლია, მე როგორც ერთ მოქალაქეს, ამ კრიზისულ სიტუაციაში, ეს უნდა გავაკეთო. ამიტომ გადავწყვიტე ამ ნაბიჯის გადადგმა“, – ამბობს დოლიძე.