ამერიკული ინვესტიციების გარეშე, ქვეყნის კრიზისიდან გამოყვანა და ეკონომიკის ფეხზე დაყენება უბრალოდ წარმოუდგენელი იქნება

„ელჩი დეგნანის ეს განცხადება არ არის მხოლოდ იზოლირებული. ყველას გვახსოვს, თუ რამხელა ზიანი მიაყენა საქართველოში ამერიკულ ინვესტიციებს პოლიტიკურმა დევნამ. მაგალითად, ანაკლიის პორტთან დაკავშირებით, როდესაც პროექტის ხელმძღვანელების წინააღმდეგ მიმდინარეობდა პოლიტიკურად მოტივირებული სასამართლო პროცესები. ყველას გვახსოვს, კონგრესმენების უპრეცედენტოდ კრიტიკული წერილი რამდენიმე დღის წინ, როდესაც ამერიკელი კონგრესმენები მიმართავენ ამერიკის სახელმწიფო მდივანს საქართველში ამერიკული ბიზნესის დაცვასთან დაკავშირებით. დღეს უკვე არის ელჩის კრიტიკული განცხადება ამ თემაზე. ეს ყველაფერი, რა თქმა უნდა, პირველ რიგში აზიანებს „ქართულ ოცნებას“ და ასევე აზიანებს საქართველოს და ჩვენ მოქალაქეებსაც, რადგან ამერიკული ინვესტიციების გარეშე, ქვეყნის კრიზისიდან გამოყვანა და ეკონომიკის ფეხზე დაყენება იქნება უბრალოდ წარმოუდგენელი. ჩვენთვის გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს საქართველოში უცხოური და პირველ რიგში, ამერიკული ინვესტიციების შემოსვლას და ეს ყველაფერი საფრთხის ქვეშ აყენებს სწორედ ინვესტიციების შემოსვლას ქვეყნის ეკონომიკურ კეთილდღეობას და ჩვენი მოქალაქეების მომავალს. ჩვენთვის, ყველა ეს მესიჯი ცალსახად ნიშნავს იმას, რომ შემოდგომის არჩევნებზე ჩვენ სახლში უნდა გავისტუმროთ „ქართული ოცნება“, რომელიც უკვე გაიხლართა საკუთარ პოლიტიკაში, გაიხლართა საკუთარ ტყუილებში და იმ ჭაობში, რომელშიც თვითონ შეიყვანა საკუთარი თავი პოლიტიკური დევნით და სასამართლოში მიმდინარე პროცესებით. გავთავისუფლდეთ „ქართული ოცნებისგან“ მშვიდობიანად და პოლიტიკურად და ქვეყანა წავიყვანოთ წინ, რომ საქართველოში შემოვიდეს მეტი ამერიკული ინვესტიცია იმიტომ, რომ დასავლური ინვესტიციები არის არა ხელისუფლების, ეს არის ხალხის პრობლემებიდან გამოყვანის საშუალება, რაც ასე სასიცოცხლოდ სჭირდება ჩვენს მოსახლეობას“, – განაცხადა ბაქრაძემ.

2020-05-20T20:42:06+04:00მაისი 20th, 2020|