ალექსი ნონიაძე: საქართველოს სოფლის მეურნეობის გამოწვევები – ნაწილი III

სასურსათ უსაფრთხოების უზრუნველყოფის სისტემის მართვის ასპექტები

საზოგადოებრივი სექტორის ეკონომიკის მიზნებიდან და ამოცანებიდან ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი, ფასების სტაბილურობასთან, ეკონომიკურ ზრდა/განვითარებასა და თავისუფლებასთან, რაციონალურ ბუნებათსარგებლობასთან  ერთად  მოსახლეობის სასურსათო უსაფრთხოების უზრუნველყოფაცაა. ამ მიმართულებით საქართველოში კრიტიკული მდგომარეობა გვაქვს და ხელისუფლების დამოკიდებულებაც სამწუხაროდ ამ საკითხისადმი რბილად, რომ ვთქვათ ჩამოუყალიბებელია. კოვიდ 19 პანდემიის შედეგად გამოწვეულმა ეკონომიკურმა კრიზისმა ჩვენს ქვეყნაში წლების განმავლობაში ამ სექტორის მიმართ უყურადღებობის გამო დაგროვილი პრობლემები დღის სინათლეზე ერთიანად გამოიტანა. სახელმწიფოში მოსახლეობის სასურსათო თვითუზრუნველყოფა სოფლის მეურნეობის, როგორც დარგის განვითარების კონტექსტის მხოლოდ ერთი ასპექტია, მაგრამ იმდენად მნიშვნელოვანია, რომ ხშირ შემთხვევაში სახელმწიფოების აგრარულ პოლიტიკას განსაზღვრავს, ხოლო აქ დაშვებული შეცდომები დიდ გავლენას ახდენს აგრარული სექტორის განვითარებაზე.

სოფლის მეურნეობის დარგი ქვეყნის ეკონომიკისათვის არა მხოლოდ წარმოების სფეროა, რომელიც პროდუქციას ქმნის, არამედ სტრატეგიული მნიშვნელობის სექტორიცაა, რომელიც ქვეყანის პოლიტიკურ, ეკონომიკურ და სოციალურ მდგრადობას უზრუნველყოფს. ბუნებრივია იგი ისე უნდა განვავითაროთ, რომ პირველ რიგში ფინანსური თვალსაზრისით თვითკმარი იყოს და სარგებელი მოჰქონდეს ნაციონალური ეკონომიკისთვის. მეორეს მხრივ, გასათვალისწინებელია ის ფაქტორიც, რომ  სოფლის მეურნეობის ზოგიერთ დარგში ეგრეთწოდებული „საბაზრო ჩავარდნებიც“ შეიძლება გვქონდეს. განვითარებულ ქვეყნებში იმ სასურსათო პროდუქტების მოყვანა, რომელსაც საკვებად სტრატეგიული მნიშვნელობა გააჩნიათ, მაგრამ ეკონომიკურად არარენტაბელურია, სახელმწიფო ბიუჯეტიდან სუბსიდირდება.

როგორც ჩვენმა კვლევამ აჩვენა ჩვენს მიერ იმპორტით შემოტანი და მოხმარებული პროდუქტის 80-90 %-ის ადგილობრივი წარმოების პოტენციალი საქართველოს აგრარულ სექტორს გააჩნია, მაგრამ სამწუხაროდ ამ შესაძლებლობას ვერ ვიყენებთ. პრობლემები უფრო მართვითი ხასიათისაა ვიდრე ტექნიკური და დაკავშირებულია დარგის, როგორც ერთიანი სისტემის  ხედვის არ არსებობასთან. ამიტომ საჭიროა რადიკალურად შეიცვალოს დღეს არსებული სოფლის მეურნეობის განვითარების სტრატეგია.

პირველ რიგში ერთმანეთისგან უნდა  გავმიჯნოთ „სოფლის მეურნეობა“ და „სოფელი“. დღეს ამ ორ ტერმინს ერთმანეთთან შეცდომით აიგივებენ, სწორედ იმის გამო, რომ სოფლის მოსახლეობის დიდი ნაწილი (77%) თვითდასაქმებულია აგრარულ სექტორში. ვინაიდან სახელმწიფოს ამ ეტაპზე არ აქვს შესაძლებლობა 650.5 ათას ადამიანს სოფლად ეკონომიკის სხვა დარგებში სამუშაო ადგილები შეუქმნას, აღნიშნულ პრობლემას უფრო პოლიტიკური დატვირთვა ენიჭება, ვიდრე ეკონომიკური. ანუ სახელმწიფოს მხრიდან დაფინანსებული პროგრამები უფრო სოციალურ ხასიათს ატარებენ და სოფლად მცხოვრები მოსახლეობის დასახმარებლად არის მიმართული, ვიდრე აგრარული სექტორის განვითარებისთვის. გამოდის, რომ ფული იხარჯება, მაგრამ მას რეალური ხელშესახები შედეგები და წარმატება დარგისთვის არ მოაქვს. პრობლემა მოგვარებადია. მაგრამ, როგორც ზემოთ ავღნიშნეთ საჭიროა ახალი ხედვა. გამოსავალი ეკონომიკის კლასტერულ განვითარებაშია, სადაც დარგები ურთიერთთავსებადნი და კონკრეტული ფუნქცი(ებ)ის მატარებელნი იქნებიან. მსგავსი მიდგომა სოფლებში აგრარული სექტორის გარდა, წარმოებისა და მომსახურების სხვა სფეროებშიც სამუშაო ადგილების შექმნის  საშუალებას მოგვცემს. შეიცვლება დამოკიდებულება სოფლისადმი. შემუშავდება სოფლის ახალი მოდელი, რომელიც დღევანდელისგან კონცეპტუალურად განსხვავებული იქნება.

როცა ვსაუბრობთ სასურსათო თვითუზრუნველყოფაზე იგულისხმება სისტემა, რომელიც  ბაზრის მოთხოვნას მაქსიმალურად ადგილობრივი წარმოების საკვები პროდუქტებით ამარაგებს. ვინაიდან დღევანდელი ბაზარი იმპორტდამოკიდებულია ბუნებრივია არსებული ლოგისტიკური ჯაჭვი აღნიშნულ მოცემულობაზეა მორგებული, რომელიც აუცილებლად შესაცვლელია. ცვლილება დარგის მენეჯმენტისგან განსხვავებულ მიდგომას ითხოვს. სოფლის მეურნეობის სფეროში მოხმარების ეკონომიკიდან წარმოების ეკონომიკაზე უნდა გადავერთოთ. ამისთვიის კი პირველ რიგში საკვები პროდუქტის თვითოეული სახეობა ცალკეული ბაზრების სახით უნდა გამოვყოთ, რათა გავაანალიზოთ სად გვაქვს ჩავარდნები და სად გვაქვს უპირატესობები უცხოური პროდუქციის ანალოგებთან შედარებით.  მსგავსი კვლევა ჩვენი სტატიის მეორე ნაწილში უკვე ჩავატარეთ. ვინაიდან თვითეული  დასახელება პროდუქტის წარმოება განსაკუთრებულ მიდგომასა და დამოკიდებულებას მოითხოვს საქართველოს აგრარული სისტემის მხოლოდ რეგიონალურ ჭრილში განხილვა არარელევანტურია და არაეფექტურია.

საქართველო დაყოფილია 10 რეგიონად, ჯამში 5 თვითმმართველი ქალაქი და 63 მუნიციპალიტეტი გვაქვს. რეგიონებს სხვადასხვა, სპეციფიკური აგრარული პოტენციალი გააჩნიათ. ბუნებრივია ასეთი დაყოფა ერთის მხრივ მოსახერხებელია სოფლის მეურნეობის დარგში სტატისტიკური მასალის მოსაგროვებლად, პირუტყვისთვის გეგმიური აცრების ჩასატარებლად, ერთწლიანი და მრავალწლიანი კულტურების მწერზე შესაწამალი სამუშაოების ჩასატარებლად და სხვა. მაგრამ ფერმერული მეურნეობებისთვის პრიორიტეტული მიმართულებების გამოსავლენად ნამდვილად არაეფექტურია. დღეს მოქმედი სისტემა მემკვიდრეობით გვერგო საბჭოთა კავშირის გეგმიური ეკონომიკისგან, როცა კოლმეურნეობები ეგრეთწოდებული „მიწერების“ ალგორითმით და დირექტივებით იმართებოდა. საბაზრო ეკონომიკის პირობებში საწარმო პროცესის ასე მართვა მიუღებელია და განვითარების პროცესს მნიშვნელოვნად აფერხებს.

თითოეული სახეობა პროდუქტისათვის უნდა გამოვიყენოთ ინდივიდუალური კლასტერი. მაგალითად კარტოფილის კლასტერი, ბაღჩეული კულტურების კლასტერი და ა.შ. რატომ არის კლასტერების გამოყენება მიზანშეწონილი და რა უპირატესობა გააჩნია მათ ძველ სისტემასთან შედარებით? 1) კლასტერი არ არის რეგიონალური საზღვრებით შეზღუდული, ამიტომ სრულ სურათს გვაძლევს ქვეყანში კონკრეტული სასოფლო-სამურნეო პროდუქციის განვითარების პერსპექტივების შესახებ 2) აგრარული სექტორის კლასტერული განვითარება საშუალებას მოგვცემს დავინახოთ, რომ სოფლის მეურნეობის  სხვადასხვა ქვედარგები ერთმანეთისთვის არამარტო თავსებადი ჯგუფებია, არამედ ერთმანეთის კონკურენტებიც არიან. 3) სახელმწიფოს საშუალება მიეცემა ზუსტად განსაზღვროს კონკრეტული ფერმერული მეურნეობა, რომელ კლასტერს სჯობია მივაკუთნოთ, რათა მომავალში მისი ეკონომიკური სტიმულირება მისი შესაძლებლობის ფარგლებში მოვახდინოთ.

სასურსათო უსაფრთხოების პრობლემატიკაზე საუბრისას გვერდს ვერ ავუვლით ადგილობრივი პროდუქტის კონკურენტუნარიანობის განხილვას. მოგეხსენებათ არსებობს ფასისმიერი და ხარისხისმიერი კონკურენცია. ორივე შემთხვევაში ქართული წარმოების პროდუქტი მეტოქეობას ვერ უწევს უცხოურ ანალოგებს. ამას თავისი ობიექტური მიზეზები გააჩნია. კონკურენტუნარიანობაზე მოქმედებს ბევრი ფაქტორები, მათ შორის ზოგიერთ მათგანზე ჩვენს წინა პუბლიკაციებში უკვე გვქონდა დეტალური საუბარი (მაგალითად, პროდუქციის მასობრივი წარმოება, ანუ მასშტაბის ეფექტი, გასაღებისა და მომარაგების ბაზრების არაორგანიზებულო ანუ ლოგისტიკური ჯაჭვის გაუმართაობა და სხვა).

ეს პრობლემა განსაკუთრებით აქტუალური დიდი ქალაქის პროდუქტის ბაზრებისთვის. რადგან იმპორტირებულ საქონელს ყველაზე დიდი რაოდენობით მომხმარებელი სწორედ ურბანულად მჭიდროდ დასახლებულ პუნქტებში ჰყავს (როგორც ვიცით სოფლად მცხოვრები მოსახლეობის დიდი ნაწილი სასურსათო თვითუზრუნველყოფაზე იმყოფება). მაგალითად ზამთრის პერიოდში საქართველოს დიდი ქალაქების მოსახლეობის ბოსტნეულით უზრუნველყოფა მეზობელი ქვეყნებიდან შემოტანილი პროდუქციით ხორციელდება. საბჭოთა მეურნეობების დროს ეს სისტემა მშვენივრად მუშაობდა. თბილისს, ისევე როგორც საქართველოს სხვა დიდ ქალაქებს საკმაოდ ეფექტურად და კარგად სასათბურე მეურნეობები ამარაგებდნენ, რომლებიც მათ სიახლოვეს გარეუბნებში იყო განთავსებული. ამ სისტემის განვითარება დიდი ქალაქებისთვის კვლავაც აქტუალურია. მთავარი გამოწვევა, რაც ამ მიმართულებით გაგვაჩნია და რამაც თავის დროზე მსგავსი მეურნეობების გაჩერება გამოიწვია, ენერგომატარებლებზე გაზრდილი ფასია. მაგრამ გამოსავალი არსებობს. საჭიროა სახელმწიფო აგროპროგრამების მეშვეობით თანამედროვე, ენერგოეფექტური ტექნოლოგიებით გადავაიარაღოთ არსებული სასათბურე მეურნეობები და ახლების შექმნას ხელი შევუწყოთ. ეს დამატებით სამუშაო ადგილების შექმნის საშუალებას მოგვცემს, ხოლო ქალაქის მოსახლეობას ვუზრუნველყოფთ ეკოლოგიურად სუფთა და იაფი საკვები პროდუქტით წელიწადის ნებისმიერ დროს.

სასურსათო უსაფრთხოება პრაქტიკულად წარმოუდგენელია კარგად აწყობილი ლოგისტიკური სისტემის მუშაობის გარეშე. სასურსათო თვითუზრუნველყოფის საკითხში განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება ლოგისტიკური ჯაჭვის არსებობას სოფელსა და ქალაქს, მწარმოებელსა და გასაღების დიდ ბაზარს შორის. დღეისთვის ადგილობრივი წარმოების მასშტაბების სიმცირის გამო ფერმერულ და საოჯახო მეურნეობებს არ აქვთ პროდუქციის გასაღების ერთიანი, კარგად გათვლილი ალგორითმი. ეს ხარვეზები პანდემიის მსვლეობის პერიოდშიც კარგად გამოჩნდა და როცა ცალკეული პატარ-პატარა მეურნეობები საკუთარი პროდუქციის გატანას მუნიციპალიტეტის საზღვრებს გარეთაც კი ვერ ახერხებდნენ. როგორც განვითარებული ქვეყნების გამოცდილებამ გვიჩვენა მსგავსი პრობლემების მოგვარება შესაძლებელია ერთიანი ლოგისტიკური ჯაჭვის არსებობის პირობებში. პირველი ნაბიჯი, რომელიც ამ მხრივ უნდა გადაიდგას სოფლის მეურნეობაში ჩართული სუბიექტების გამსხვილება, კოოპერაცია. რაც მათ ხარჯებს მნიშვნელოვნად შეამცირებს, ხოლო მათ პროდუქციას უფრო კონკურენტუნარიანს გახდის. მეორე ნაბიჯი ერთობლივი გასაღების ბაზრების ძიებაა და ეფექტური ლოგისტიკური ჯაჭვის აწყობაა. კლასტერი უნდა მოიცავდეს ყველა ეტაპს ნედლეულის წარმოებიდან დაწყებული, მისი გადამუშავებით გაგრძელებული და გასაღებით დამთავრებული. განვითარებულ ქვეყნებში კოოპერატივები ერთიან კლასტერს წარმოადგენენ, რომელშიც დიდი სუპერმაკეტები და ჰიპერმარკეტებიც კი არიან ჩართულნი. ხშირ შემთხვევაში დიდი სავაჭრო ობიექტები ასეთი აგროკოოპერატივების საკუთრებასაც წარმოადგენენ.

აგროსექტორში მონაწილე სუბიექტების გამსხვილება და მასშტაბის ეფექტის შექმნა შეუძლებელია დარგში ფინანსური წყაროების მოზიდვის გარეშე. ხშირად გვესმის, რომ სოფლის მეურნეობის განვითარების დაფინანსებაში მხოლოდ სახელმწიფო უნდა ღებულობდეს მონაწილეობას, რადგან სასურსათო უსაფრთხოება სტრატეგიული მნიშვნელობის ამოცანაა და ვერ ვიქნებით მხოლოდ საბაზრო ძალებზე დამოკიდებული. არის მოსაზრება, რომ პირიქით, მხოლოდ ბიზნესმა იცის მოთხოვნა-მიწოდებისა და თავისუფალი ბაზრის ძალების დახმარებით რა სჭირდება მომხმარებელს და შესაბამისი აგრომიმართულებები ისე უნდა დაფინანსდეს. ცალსახად რამის თქმა შეუძლებელია. დარგის განვითარებაში მონაწილეობას როგორც სახელმწიფო ისე კერძო სექტორი უნდა ღებულობდეს. მისაღებია ფინანსური წყაროების მოძიების ყველა ალტერნატიული საშუალებების გამონახვა. სადაო არც არაფერია აქ. პრობლემა სულ სხვა რამეში მდგომარეობს. სესხების დიდი ნაწილი არ არის მორგებული აგრარულ სექტორზე. ფერმერებისთვის ბანკების მიერ შეთავაზებულ პროდუქტებსა თუ სახელმწიფოს მხრიდან პროგრამების დიდი ნაწილში გათვალისწინებული არ არის დარგის სპეციფიკა, მაგალითად აგროვადები, აგროკულტურების წარმოების თავისებურებები და სხვა. აგროსექტორის განვითარებისათვის საჭიროა სესხები ფერმერული მეურნეობების საჭიროებებს მოვარგოთ და არა მხოლოდ დამფინანსებელი ორგანიზაციის ინტერესებს. თუ ამ მიმართულებით მდგომარეობა არ შეიცვალა ფერმერული მეურნეობების განვითარებაზე საუბარი ზედმეტი იქნება. რადგან ფერმერის პოტენციალი მიმართული იქნება მხოლოდ ბანკის მოგებაზე ან სახელმწიფო სტატისკის გაუმჯობესებაზე და არამც და არამც საკუთარი მეურნეობის განვითარებაზე.

კიდევ ერთი ფაქტორი რომელიც სასურსათო უსაფრთხოებაზე მოქმედებს საკვებზე სტრატეგიული რეზერვებია. საანგარიშო წლის ბოლოს ბაზარს სურსათის გამოუყენებელი ნაშთები ყოველთვის რჩება, რომელიც მომდევნო წლის ბალანსზე გადადის. მაგრამ ეს ნაშთები იმდენად მიზერულია, რომ ჩვენი ქვეყნის მოთხოვნას საკვებ პროდუქტზე მცირე დროის მანძილზე თუ უზრუნველყოფს. სურსათის იმპორტიორი კომპანიები ცდლიობენ მცირე პარტიებით შემოიტანონ პროდუქცია და ისინი არ არიან დიდი რეზერვების შექმნით დაინტერესებულნი. ამას თავისი მიზეზები გააჩნია. 1) ეროვნული ვალუტის უცხოურთან კურსის სტოხასტიკური ცვლილება მათ ამის საშუალებას არ აძლევთ. 2) დიდი რეზერვების შენახვა დიდ სასაწყობე დანახარჯებთან არის დაკავშირებული. 3) კონსიგნაციით გაყიდული საქონლის წილი მათ მიერ რეალიზებული პროდუქციის ღირებულებაში დიდია, რაც ამცირებს საბრუნავი კაპიტალის ოდენობასა და მათ მიერ შემოტანილი პროდუქციის მოცულობას.

დიდი რეზერვების არარსებობა მოქმედებს სურსათის ფასებზე და იწვევს მათ ცვლილებას. როგორც ავღნიშნეთ კერძო ბიზნესისთვის არ არის მომგებიანი დიდი მოცულობის რეზერვების შექმნა. ეს ფუნქცია თავის თავზე სახელმწიფომ უნდა აიღოს. ქვეყანაში უნდა არსებობდეს აქტიური და პასიური რეზერვები. აქტიური რეზერვების (2-3 თვის პერიოდი) შექმნაში კერძო ბიზნესი უნდა მონაწილეობდეს. პრინციპში ისინი ამ საქმიანობით ეხლაც არიან დაკავებულნი. ხოლო პასიური რეზერვი უნდა იქმნებოდეს სახელმწიფოს მიერ, რომელიც უფრო გრძელვადიან (6-12 თვე) პერიოდზე იქნება გათვლილი და არამალფუჭებადი პროდუქტებით (მაგალითად ხორბალი, წიწიბურა, ბრინჯი და სხვა) უნდა კომპლექტდებოდეს. პერიოდულად (სურსათის ვარგისიანობის ვადების მიხედვით) პასიური რეზერვების გახარჯვა და ხელმეორედ შევსება უნდა ხდებოდეს. პასიური რეზერვები ხელს შეუწყობს სურსათზე მოსახლეობის არამარტო ფიზიკურ არამედ ეკონომიკურ ხელმისაწვდომობასაც (როგორც მშვიდობიან პერიოდში, ისე საომარ ვითარებასა და საგანგებო სიტუაციებში), კრიტიკულ სიტუაციებში დაასტაბილურებს ფასებს საკვებ პროდუქტებზე და ინფლაციის რეგულირებაში დაგვეხმარება. სტრატეგიული რეზერვების შესაქმნელად ბიუჯეტიდან სუბსიდირება იქნება საჭირო, მაგრამ თუ გავითვალისწინებთ იმ ამოცანების გადაწყვეტას რაც სტრატეგიულ რეზერვებს აკისრიათ ნამდვილად ღირს ამისთვის ფინანსური სახსრების გამოყოფა.