“ევროპული საქართველო” საარჩევნო პლაკატების გაკვრისთვის 500 ლარით დაჯარიმდა. პარტიას ქალაქის იერსახის დამახინჯებას ედავებიან. აქტივისტები პლაკატებს იუსტიციის სახლის მიმდებარედ აკრავდნენ, სადაც მალევე პოლიცია გამოჩნდა. იქ იყვნენ პარტიის ლიდერებიც, რომლებიც გადაწყვეტილებას არ დაეთანხმნენ.

“პოლიტიკური პარტიები და საარჩევნო სუბიექტების კანდიდატები სარგებლობენ თანასწორი უფლებებით და აკისრიათ თანაბარი ვალდებულებები ამ კანონით დადგენილი წესით”, – აღნიშნავენ მერიაში.

გიგი უგულავასა და ხათუნა გოგორიშვილს, რომლებიც ადგილზე მივიდნენ, პოლიციის თანამშრომელმა სწორედ აღნიშნული მუხლით დაუსაბუთა ჯარიმა. პარტიის ლიდერები ამას არ ეთანხმებიან და ამბობენ, რომ მათი აქტივისტების მიერ გაკრული პლაკატები მხოლოდ შინაარსით განსხვავდება ქალაქის მასშტაბით გაკრული სხვა მასალისგან, რომელთა  გამოც ადამიანებს არ აჯარიმებენ.

საბოლოოდ, პარტიას ჯარიმა გამოუწერეს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 150-ე მუხლის მეორე ნაწილით, რაც პლაკატებისა და სხვა მასალის განთავსებას გულისხმობს ისეთ ადგილებზე, რომლებიც ამისთვის არ არის გამოყოფილი.

პარტიაში აცხადებენ, რომ აღნიშნული ქმედება გამოხატვის თავისუფლებას ეწინააღმდეგება, შესაბამისად, ფაქტს საქალაქო სასამართლოში გაასაჩივრებენ. “ევროპული საქართველო” საკონსტიტუციო სასამართლოშიც აპირებს დავას.