12 წლის წინ, ატმის დაბერებული ხეები მოჭრა და ბოსტანში ტიტა დარგო. „მეზობლები გაკვირვებულები დარჩნენ, ვინ მარწყვს ამრავლებდა, ვის ბოსტნეული მოჰყავდა და მე ტიტა რომ დავრგე, მეუბნებოდნენ, საიდან მოიგონეო. რაც ატამი უნდა მოსულიყო, ამ ყვავილმა ორჯერ და სამჯერ მეტი შემოსავალი მომცა“, – კახეთში, სოფელ კოლაგში მცხოვრები 63 წლის კაკო ჯეირანაშვილი სულ მცირე 2000-მდე ლარის შემოსავალს წელსაც ელოდა, მაგრამ კორონავირუსის გავრცელების პრევენციისთვის დაწესებული შეზღუდვების გამო ტიტა ვერ გაყიდა.

„თბილისში, ნავთლუღის ბაზარში 4-5 კაცს ვიცნობ. წინა წლებში მათთან ჩამქონდა. წელსაც რომ აყვავდა, დავრეკე და მითხრეს, ბაზარი დაგვიკეტეს, ვისთანაც ვაბარებდით მაღაზიაში, ისინიც დახურულები არიანო. ტყუილად არ იწვალო, არ ჩამოიტანო კაკო ძია, ხარჯი არ გაწიოო“.

„დილით რომ გამოვალ, ვმშვიდდები ხოლმე, მაგრამ ეხლა გამოსვლაც არ მინდა, ამ პერიოდში ასე რომ ვუყურებ. ერთი 10-15დღე ძლებს, მერე გასცვივა ყვავილები და დაჭკნება“.

კაკო ჯეირანაშვილის შესახებ გუშინ რადიო თავისუფლებამ მოგვითხრო. კაკოს დახმარების სურვილი ბევრ ადამიანს გაუჩნდა. მარიამ ნატროშვილმა ფეისბუკში კამპანია წამოიწყო – იყიდე წითელი ტიტა. დახმარების მსურველებს კაკო ჯეირანაშვილის ოჯახის წევრის ანგარიშზე თანხის ჩარიცხვა შეუძლიათ: GE62TB7096445061100088, მიმღები: ნანა ბეჟაშვილი.

„დიდ მადლობას ვუხდი ყველას, ვინც ჩემი ეს გაჭირვება გულთან მიიტანა და დამეხმარა. ის ორი თუ ხუთი ლარი, ასი ლარიც, თვითონ იკლებენ და გაჭირვებულ ადამიანს ეხმარებიან, ეს ხომ დიდი სიკეთეა. მთელი ცხოვრება ასე იყავით, დღეს რა სიხარულც მომანიჭეთ“, – კაკოს დასახმარებლად, კამპანიის ორგანიზატორების ინფორმაციით, 5000 ლარამდე უკვე შეგროვდა.

წყარო: reginfo