სპეცოპერაცია: ვინ არის „კანონიერი ქურდი“, რომლის სახელიც ფარულ ჩანაწერში ფიგურირებს

შინაგან საქმეთა სამინისტრომ და გენერალურმა პროკურატურამ ქურდული სამყაროს წინააღმდეგ მორიგი სპეცოპერაცია ჩაატარა. დაკავებულია ოთხი პირი, რომელთაც ბრალი ქურდული სამყაროს წევრობასა და „კანონიერი ქურდისთვის“ მიმართვაში ედებათ.

შსს-ს ავრცელებს ფარულ სატელეფონო ჩანაწერს, სადაც „კანონიერი ქურდის“ რუსლან გეგეჭკორის სახელი ფიგურირებს. ჩანაწერით ირკვევა, რომ ორი დაპირისპირებული მხარე ერთმანეთში თანხას ვერ იყოფს.

ვინ არის რუსლან გეგეჭკორი?

32 წლის რუსლან გეგეჭკორს კრიმინალურ წრეებში „შლიაპა უმცროსის“ სახელით იცნობენ. გავლენიანი „კანონიერი ქურდი“ გახლავთ მამამისი, როლანდ გეგეჭკორი, იგივე „შლიაპა“.

კანონიერი ქურდები“ იყვნენ რუსლან გეგეჭკორის ბიძა და ბაბუაც (რაულ გეგეჭკორი და ნოე გეგეჭკორი).

თავად რუსლან გეგეჭკორმა ე.წ. ქურდის „ტიტული“ 2014 წელს 27 წლის ასაკში მიიღო. ბოლოს ის რუსეთში დააკავეს და 2018 წელს ქვეყნიდან გააძევეს.

ფარულ ჩანაწერში ნახსენებია კიდევ ერთი „კანონიერი ქურდი“ გვარად ჭარაია. საუბარია თენგიზ ჭარაიაზე, რომელსაც კრიმინალურ წრეებში „თენგო გალსკის“ სახელით იცნობენ. ბოლო სამი წლის განმავლობაში ჭარაია უკრაინის ტერიტორიაზე ოთხჯერ დააკავეს და ყველა ჯერზე ქვეყნიდან გააძევეს.

წყარო: პრაიმტაიმი

2020-03-05T14:57:05+04:00მარტი 5th, 2020|