2020 წლის ზაფხულის პერიოდში ტემპერატურა ნორმაზე მაღალი იქნება და ის +40 გრადუსს მიაღწევს

გარემოს დაცვის ეროვნული სააგენტოს განცხადებით, საქართველოში, ზაფხულის სეზონის განმავლობაში ტემპერატურა ნორმაზე მაღალი იქნება და ის 40 გრადუსს მიაღწევს.

“2020 წლის ზაფხულის პერიოდში, ხმელთაშუა ზღვის სანაპიროზე, აღმოსავლეთ ევროპის და კავკასიის რეგიონებზე ზაფხულის ამინდის ფორმირებაზე დომინანტურ როლს წყნარ, ატლანტიკის და ინდოეთის ოკეანეებში მიმდინარე და მოსალოდნელი პროცესები შეასრულებს. აღნიშნულის გათვალისწინებით, ზაფხულის პერიოდში საქართველოს ტერიტორიაზე ჰაერის საშუალო ტემპერატურა ნორმაზე 1-2 გრადუსით მაღალია მოსალოდნელი, ნალექების რაოდენობა კი აღმოსავლეთ საქართველოში საშუალო მრავალწლიურ რაოდენობაზე ნაკლები, ხოლო დასავლეთ საქართველოში ნორმის ფარგლებში იქნება.

სპეციალისტები სეზონის განმავლობაში, ცალკეულ დღეებში, საქართველოს დაბლობსა და ბარში ტემპერატურის მომატებას +37, +40, მთიან რაიონებში +36, +39, ხოლო მაღალმთიან რაიონებში +32, +35 გრადუსამდე ვარაუდობენ, რისი პროგნოზირებაც მხოლოდ რამდენიმე დღის წინსწრებითაა შესაძლებელი“ – ნათქვამია სააგენტოს ინფორმაციაში.

2020-06-09T01:50:44+04:00ივნისი 9th, 2020|