20-21 ივნისის აქციის დარბევიდან ერთი წლის შემდეგ, 20 ივნისს, მოძრაობა “სირცხვილია” პარლამენტთან აქციას გამართავს. აღნიშნულის შესახებ მოძრაობის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი:

“1 წლის წინ ქართული ოცნების ხელისუფლებამ პარლამენტში რუსი დეპუტატები შემოუშვა და ოკუპაციის კანონის დამრღვევ კომუნისტ გავრილოვს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის სკამი დაუთმო. ზუსტად ერთი წლის წინ ეს ღიად კოლაბორაციონისტული ფაქტი ათასობით ადამიანმა პარლამენტის წინ გააპროტესტა და ხელისუფლებამ ეს ხალხი, რუსეთისთვის საჩვენებლად, სამაგალითოდ დასაჯა.

1 წლის წინ, 20 ივნისს, საკუთარმა მთავრობამ მშვიდობიან მოქალაქეებზე დათვის ტყვიებით და ცრემლსადენი გაზით დილამდე ინადირა. შედეგად დაზარალდა 240-მდე ადამიანი და დააკავეს ასეულობით დემონსტრანტი. მხედველობა დაკარგა ხუთმა ადამიანმა. დაშავდა 40-მდე ჟურნალისტი. ხელისუფლების ეს ნაბიჯი ძალის გადამეტებად და არაპროპორციულ გამოყენებად შეაფასეს ავტორიტეტულმა საერთაშორისო ორგანიზაციებმა”, აცხადებენ მოძრაობის წევრები.

მათი თქმით, ხელისუფლებამ საკუთარ შეცდომებს გამოძიების არაეფექტურად წარმართვით, მომხდარზე პასუხისმგებელი შს მინისტრის პრემიერად დაწინაურებით, დაზარალებულებისთვის სტატუსის არმინიჭებით და პროპორციულ არჩევნებზე დაპირების ჩაგდებით უპასუხა:

“1 წლისთავზეც სირცხვილია და უფრო მეტადაც – საკუთარ შეცდომაზე სწავლის ნაცვლად ხელისუფლებამ გამოცხადებული ომი კიდევ უფრო გაამწვავა და თავისუფალ აზრს დაუპირისპირა როგორც ადმინისტრაციული რესურსი, ასევე, მის მიერ მართული მედია და ასეულობით ყალბი ანგარიში სოციალურ ქსელში.

1 წლისთავზე ჩვენ გვჯერა, რომ ამ მასშტაბის ბოროტების დამარცხება მხოლოდ ერთად დგომითაა შესაძლებელი. ყველას, ვისაც გაწუხებთ:
ერთპიროვნული მმართველობა, სადაც პასუხისმგებელი ხალხის წინაშე არავინ არის; ადამიანის უფლებების სისტემატური რღვევა; სახელმწიფოს ყველა შტოს მიტაცება; ბიუჯეტის ფლანგვა და არჩევნების მოსაგებად განიავებული სახელმწიფო ქონება და საქართველოს ჩქარი ტემპებით რუსეთის გუბერნიად ქცევა” ,- აცხადებენ მოძრაობაში.

აქცია თბილისში, რუსთაველის გამზირზე, 20 ივნისს 19:00 საათზე გაიმართება.

 

წყარო