20 ივნისის აქციაზე 200-ზე მეტი ადამიანი იქნება და არც მარტო „ნაციონალები“ იქნებიან. ზოგადად, ერთხელ ხომ მაინც შეიძლება რაიმეს „გაარტყას“ კობახიძემ, – ასე ეხმაურება „ევროპული საქართველოს“ წევრი სერგი კაპანაძე 20 ივნისის აქციაზე პარლამენტის ყოფილი თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის განცხადებას, რომლის თქმით, 200 „ნაციონალის“ შეკრება არც პოლიტიკური და არც პანდემიის კუთხით პრობლემა არ არის

როგორც კაპანაძემ აღნიშნა, 20 ივნისს იქნება აქცია, რომელზეც საქართველოს მოქალაქეები გამოვლენ, რათა გაიხსენონ ის მძიმე დღეები, რაც შარშან ამ პერიოდში ხდებოდა.

„რაც შეეხება კობახიძის განცხადებას, აქციაზე 200-ზე მეტი ადამიანი იქნება და არც მარტო „ნაციონალები“ იქნებიან. ზოგადად, ერთხელ ხომ მაინც შეიძლება რაიმეს „გაარტყას“ კობახიძემ, სულ ასე აცილებს ხოლმე როდესაც რაიმე შეფასებას აკეთებს“, – განაცხადა სერგი კაპანაძემ.

ცნობისთვის, პარლამენტის ყოფილმა თავმჯდომარემ, საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ირაკლი კობახიძემ გუშინ ჟურნალისტებთან 20 ივნისს დაგეგმილ აქციასთან დაკავშირებით განაცხადა, რომ აქციაზე მხოლოდ პარტიული აქტივი იქნება.

„200 „ნაციონალის” შეკრება არ არის პრობლემა არც პოლიტიკური, არც პანდემიის კუთხით. გარკვეულ სოციალურ დისტანციას ალბათ, დაიცავენ, თავებიც შეგვიძლია, დავთვალოთ , – განაცხადა კობახიძემ.