საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრი განცხადებას ავრცელებს და აცხადებს, რომ 112-ს მოქალაქეების არამიზნობრივად უკავშირდებიან, რის გამოც თბილისის და რუსთავის ცენტრები გადატვირთულია. 112-ში აცხადებენ, რომ 21 აპრილიდან 22 აპრილის 12:00 საათამდე შესული ზარების 65 პროცენტი არამიზნობრივი ხასიათის იყო:

“მოქალაქეები გადაუდებელი დახმარების ერთიან ნომერს – 112-ს უკავშირდებიან ქვეყანაში მოქმედი რეგულაციების და საგანგებო მდგომარეობის წესების თაობაზე, ასევე, საინფორმაციო სახის და ეგრეთ წოდებული დროებითი ნებართვების შესახებ შეკითხვებით, რის გამოც გადატვირთულია “112”-ის თბილისისა და რუსთავის ცენტრები.

21 აპრილს საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრ “112”-ში 16 908 ზარი შემოვიდა. შემოსული ზარების 65 % იყო არამიზნობრივი ხასიათის. დღეს, 22 აპრილს, 12 საათის მონაცემებით, სულ შემოვიდა 4966 ზარი. შემოსული ზარების 63 %, ასევე, არის არამიზნობრივი” – აცხადებენ საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრში.

შინაგან საქმეთა სამინისტრო მოუწოდებს მოქალაქეებს, რომ საგანგებო მდგომარეობის წესებთან დაკავშირებით და დროებითი ნებართვების შესახებ 112-ზე არ დარეკონ, რამდენადაც, საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრი “112” გადაადგილებასთან დაკავშირებით დროებით ნებართვებს არ გასცემს.

“მოქალაქეები, ვისაც რეალურად სჭირდება გადაუდებელი დახმარება, სახანძრო-სამაშველო სამსახურის, სასწრაფო სამედიცინო დახმარებისა ან საპატრულო პოლიციის გამოძახება, გადატვირთულობის გამო ვერ ახერხებენ “112”-თან დაკავშირებას.გთხოვთ, მიეცით დაკავშირების საშუალება მათ, ვისაც რეალურად სჭირდება გადაუდებელი დახმარება და საგანგებო სამსახურების გამოძახება, ვისთვისაც წამები გადამწყვეტია” – აცხადებენ საზოგაროებრიივ უსაფრთხოების მართვის ცენტრში.

 

წყარო: ნეტგაზეთი

ავტორი: მარიამ ბოგვერაძე